საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართავს, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრობს. განცხადების ასლი საპატრიარქომ გაავრცელა.

"მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდი უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს", — ვკითხულობთ წერილში.

ფოტო: საპატრიარქო

ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.

გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.

ამავე თემაზე: