შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ცხინვალში დაკავებული ექიმი, ვაჟა სირაძე რამდენიმე დღეში გათავისუფლდება. მინისტრს განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.

გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია:

"წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ".

ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.

გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.

ამავე თემაზე: