ჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს და შენობიდან მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ თანამშრომლები რჩებიან.

საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ორი საათის წინ დაადასტურა, რომ პარლამენტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იმყოფება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავადაა მობილიზებული. ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუტანიათ.

"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს თავისი აღჭურვილობა, არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არ არის. თქვენ შეიძლება ვერ ერკვევით", — უთხრა სირაძემ ჟურნალისტებს.

დღეს, 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა და ოპოზიციური პარტიები არიან. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. 14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და დაიგეგმა აქცია პარლამენტის წინ.