ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ qartli.ge წერს ყოფილ პატიმრებზე დაყრდნობით, რომლებიც 14 ნოემბერს ოკუპანტებმა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ექიმი დავით ღვინიაშვილი, რომელმაც გათავისუფლებული პატიმრები მოინახულა ყვება, რომ ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან — აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.

ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.