ნებისმიერი დაწესებულება, სადაც მუსიკას უკრავენ, ვალდებულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას ან ფული გადაუხადოს, ან დაელოდოს, რა ოდენობის კომპენსაციის გადახდას დააკისრებს მას სასამართლო. მუსიკის დაკვრის საფასური განსხვავდება დაწესებულებების სპეციფიკისა და შემოსავლების მიხედვით. ასოციაციის მომსახურებაზე უარი კი დაახლოებით ათმაგი კომპენსაციის გადახდას ნიშნავს.

თბილისის კლუბების ნაწილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დაწესებულ გადასახადს აპროტესტებს და მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეღავათების დაწესებას ითხოვს. კლუბის, მტკვარზე დამფუძნებელი ქეთა გაბუნია On.ge-სთან საუბრისას ჰყვება, რომ გასულ წელს, გადასახადის გადახდაზე უარის თქმის გამო, მათი დაწესებულება 60 ათასი ლარით დაჯარიმდა:

"ჩვენთვის გადასახადი თვეში საშუალოდ 500 ლარი გამოდის და ზოგჯერ უფრო მეტიც. შარშან უარი ვთქვით და არ მოვაწერეთ ხელი მათ ხელშეკრულებას, ამიტომ მოვიდა ჯარიმა 60 ათასი ლარის ოდენობით. ერთი წლის გადასახადი გადაამრავლეს 10-ზე, მაგრამ რატომ, არ ვიცი."

სეზონის გახსნა კლუბში მტკვარზე. 2 სექტემბერი, 2016.

ფოტო: კლუბი მტკვარზე

ასოციაცია ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც მუსიკას უკრავენ საჯარო სივრცეში, შენობის საერთო ფართიდან გამომდინარე ყოველთვიურ გადასახადს აკისრებს.

საავტორო უფლებათა ასოციაციის დირექტორის, გიგა კობალაძის განმარტებით, ასოციაცია კერძო ორგანიზაციაა, რომელიც ავტორებმა შექმნეს საკუთარი ნაწარმოებების გამოყენების გასაკონტროლებლად: "ასეთ ორგანიზაციებს საუკუნეების ისტორია აქვთ და არცერთხელ არცერთ სეგმენტში ამას არ გამოუწვევია ის, რომ რომელიმე დაწესებულება ან დაიხუროს, ან რაიმე შეფერხება შეექმნას. კლუბებს ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ის სიმბოლური გადასახადი. "

გიგა კობალაძე კონკრეტულად, კლუბზე, მტკვარზე საუბრობს და ამბობს, რომ კლუბმა ნამდვილად უარი განაცხადა გადასახადის გადახდაზე და ასოციაციამ მიმართა სასამართლოს:

"კანონის საფუძველზე მოვითხოვეთ კომპენსაციის დაკისრება დამრღვევებისთვის. კანონში წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ არღვევს კანონს მოსარგებლე, ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია გადასახდელი მინიმუმ ათმაგი ოდენობით".

ქეთა გაბუნია ამბობს, რომ ასოციაცია კონკრეტულ ადამიანებს ვერ ასახელებს, თუ ვის ჯიბეში მიდის მათი გადახდილი თანხა:

ჩემი გადახდილი თანხა მიდის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა მუსიკა არც დაკრულა და არც დაიკვრება არასდროს ჩვენთან. მაგალითად, თუკი ვაჟა აზარაშვილია ამ ასოციაციის წევრი, მე ვუხდი მას აი ამ თანხას.

ქეთა გაბუნია

"კლუბი განსხვავდება რესტორნისგან, რომელსაც აქვს რეპერტუარი. რესტორნებში მთელი ღამის განმავლობაში სრულდება რამდენიმე ათეული სიმღერა, არიან მომღერლები რომლებიც სხვის სიმღერებს მღერიან. ჩვენ, სადაც მხოლოდ პარასკევს და შაბათს ვმუშაობთ, იგივე ფორმულით ვიხდით, რითაც რესტორანი თავადური, რომელიც მუშაობს მუდმივად. ავუხსენით, რომ "ფლეილისტის" მიწოდება არ შეგვიძლია და გვითხრეს, რომ მათ აქვთ საერთაშორისო ქსელი, არიან საერთაშორისო ასოციაციის ნაწილი და კანონიც მათ მხარეზეა. ასევე ისიც, რომ 3 წლის განმავლობაში ეძებენ იმ შემსრულებლებს, რომელთა მუსიკა კლუბში დაუკრეს და თუკი ვერ იპოვიან, 3 წლის შემდეგ ურიცხავენ იმ ხალხს, რომლებიც ამ ასოციაციის წევრები არიან. ანუ ჩემი გადახდილი თანხა მიდის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა მუსიკა არც დაკრულა და არც დაიკვრება არასდროს ჩვენთან. მაგალითად, თუკი ვაჟა აზარაშვილია ამ ასოციაციის წევრი, მე ვუხდი მას აი ამ თანხას".

გიგა კობალაძის თქმით, ყველა სეგმენტისთვის, რომლებიც საავტორო უფლებით დაცულ ნაწარმოებებს იყენებენ, განსხვავებული ტარიფები და განსხვავებული გამოთვლის წესი აქვთ. ასევე, არსებობს გადახდილი თანხის განაწილების სისტემა. არსებობს საერთაშორისო ბაზა, რომელშიც მიერთებულია ყველა ასეთი ტიპის ორგანიზაცია:

"ბაზა მოიცავს დაახლოებით 3 მილიონ ავტორს, ასობით მილიონ ნაწარმოებს და ამ ფულს ვუხდით ამ ნაწარმოებების ავტორებს. საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ბუნება ისეთია, რომ მხოლოდ 90-95 პროცენტიანი სიზუსტე არსებობს. თუკი პროგრამას არ მოგვაწოდებენ, გამოიყენება ე.წ. ანალოგიის პრინციპი, კალათა და ამ პრინციპით, სპეციალური ალგორითმით დგინდება ალბათობა იმისა, თუ ვისი მუსიკა გამოიყენება ზოგადად საქართველოში და შემდეგ ვანაწილებთ შეგროვებულ ფულს ამ ავტორებზე".

კლუბ ბასიანის ხელმძღვანელი ნაჯა ორაშვილი სრულად იზიარებს ქეთა გაბუნიას მოსაზრებას, ასოციაციის გადასახადებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არაკომპეტენტური დამოკიდებულებაა, როდესაც Dj-ს თავისივე შესრულებული ნაწარმოებების სიას სთხოვ საავტორო უფლებების გადასამოწმებლად:

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბენ კლოკს მივწეროთ კითხვით, თუ რა დაუკრა 6 თვის წინ და იქნებ "ტრეკლისტი" გამოგვიგზავნოთ თქო. ასეთი რამე არ არსებობს. არტისტი ღამეში უამრავ ტრეკს უკრავს, ვერავის ვერ მოსთხოვ ამას. ეს ტრეკები ყველა ნაყიდია, ამიტომ ის რომ, საავტორო უფლება არ ჰქონდეს Dj-ის არ არსებობს. როცა მაღალი ხარისხის პროდუქციას უკრავ, ის აუცილებლად შეძენილი უნდა გქონდეს. იმაშიც ვერ დავარწმუნეთ ასოციაცია, რომ როცა არტისტი უკრავს ლაივს, ე.ი. უკრავს თავის ნაწარმოებს".

გიგა კობალაძის მტკიცებით, მათ ასოციაციაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კლუბის, მტკვარზე მიერ გამოყენებული მუსიკის ავტორები, პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით დაუკავშირდნენ და საკუთარი ჰონორარი მოითხოვეს:

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ გამოიყენეს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მათ არ დაუწერიათ და ეს ეკუთვნით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ჩვენი ტიპის ორგანიზაციებთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 150-ზე მეტ ქვეყანაში. ყველა ავტორი გაწევრიანებულია თავისი ქვეყნის მიხედვით. ამ შემთხვევაში, მოსარგებლე კლუბი ვერ ხვდება, რომ კანონი უნდა დაიცვას".

მისივე განცხადებით, საავტორო უფლებების დაცვისას პასუხისმგებლობა ენიჭება არა შემსრულებელს, არამედ მუსიკის ავტორს. კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით გაარჩევენ კლუბში რომელმა არტისტმა რა ან ვისი ნაწარმოები შეასრულა, კობალაძე განმარტავს, რომ კონკრეტული Dj არასოდეს არ ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებებს:

კლუბი უიშვიათესი შემთხვევაა, იგი იყენებს ძალიან ბევრ ნაწარმოებს და გამორიცხულია, თეორიულად წარმოუდგენელია, რომ კლუბი იყენებდეს მხოლოდ იმ ნაწარმოებებს რომელიც კონკრეტულმა Dj-მ დაწერა.

გიგა კობალაძე

"კლუბი უიშვიათესი შემთხვევაა, იგი იყენებს ძალიან ბევრ ნაწარმოებს და გამორიცხულია, თეორიულად წარმოუდგენელია, რომ კლუბი იყენებდეს მხოლოდ იმ ნაწარმოებებს რომელიც კონკრეტულმა Dj-მ დაწერა".

ასოციაციის დირექტორის თქმით, მსგავსი მოთხოვნები აქვთ ფესტივალების მიმართაც, სადაც ასოციაციისთვის გადასახდელი ტარიფი გაყიდული ბილეთების კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელია.

გიგა კობალაძე განმარტავს ისეთ შემთხვევასაც, თუ რა ვალდებულებას აკისრებენ ისინი ორგანიზატორებს, როდესაც ფესტივალზე ყველა შემსრულებელი, თავისივე დაწერილ ნაწარმოებს ასრულებს:

"იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი რეპერტუარი შემსრულებლის მიერაა დაწერილი, ორგანიზატორმა უნდა წარმოადგინოს ჩვენთან კონტრაქტები, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოს. კონტრაქტში უნდა ეწეროს რომ ისინი კოლექტიური წესით საავტორო ჰონორარზე ამბობენ უარს და დაკმაყოფილდებიან იმით რაც მიიღეს კონცერტის ორგანიზატორისგან. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლდებიან გადასახადისგან".

ასოციაციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გადასახადების გადახდის პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოსთვის შედარებით დაბალი გადასახადი დააწესეს:

"ძალიან ბევრი ვიშრომეთ რომ ამისთვის მიგვეღწია, იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო და ეს არ ყოფილიყო რაიმე დამატებითი სიმძიმე:

ბასიანის წარმომადგენელი ჰყვება, რომ როდესაც უარი თქვეს გადასახადებზე, დიდი ჯარიმებითა და სანქციებით დაემუქრნენ, საკითხის იურისტთან განხილვის შემდეგ კი დათანხმდნენ:

"კანონში არის ნაპოვნი ლაფსუსი და სწორედ ამით მოქმედებენ. ამის შემდეგ, თავი შევიკავეთ პროტესტისგან. თუ არ ვცდები, ჩვენი ფართის მიხედვით 800 ლარია თვეში გადასახადი".

კლუბ მტკვარზე დამფუძნებელი ქეთა გაბუნია მოითხოვს, რომ მათთვის შეღავათი დაწესდეს. მისივე თქმით, კლუბური მუსიკის სპეციფიკა ცალკე კულტურაა, რომელიც საერთოდ ბმაში არ არის საკონცერტო კულტურასთან:

"გარედან ისე ჩანს, რომ თბილისის კლუბები ყვავის, მაგრამ როგორც ბიზნესი, მომგებიანი არ არის. აქედან გამომდინარე ეს 500 ლარი არის ძალიან მძიმე".