რუსეთი თანახმაა, უკრაინას 2018 წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში გატაცებული სამი გემი დაუბრუნოს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian რუსულ მედია Kommersant-ზე დაყრდნობით წერს. მხარეები უკვე თანხმდებიან გემების გადმოცემის დროსა და ადგილზე, საკითხი 9 დეკემბერს, ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე განიხილება.

ამასთან, Unian წერს, რომ გემების ეკიპაჟის პერსონალური იარაღი, რადიოები და სხვა ინფორმაციის შემცველი მონაცემები რუსეთში რჩება. მანამდე, 2019 წლის სექტემბერში კიევში რუსეთიდან 24 სამხედრო მეზღვაური დაბრუნდა. ისინი ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჰყავდათ დაკავებული.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პრესსპიკერის ცნობით, ნორმანდიული ოთხეულის (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) შეხვედრა, სავარაუდოდ, პარიზში გაიმართება.

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც უკრაინის სამი გემი და ეკიპაჟის წევრები დააკავეს, აშშ-მ, კანადამ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავეს.

ქერჩის კრიზისი

2018 წლის 25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. რუსეთმა უკრაინის 20-ზე მეტი სამხედრო დააკავა.

კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.

რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.

26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება.

ამ პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე კაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისი იყო ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება.

ქერჩში განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზზე: