სამი კაცი, რომელიც წარსულში კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ სატელევიზიო შოუში ცოტა ხნის წინ გავრცელდა: სავარაუდო მსხვერპლების განცხადებით, 80-90-იან წლებში ვატიკანის სასულიერო აკადემიაში სწავლისას მათზე მაშინ იძალადეს, როცა ისინი 10-14 წლისანი იყვნენ.

ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადებით, მღვდელმა მას გაშიშვლება აიძულა: "მას უნდოდა, რომ ტანსაცმელი გამეხადა. მაშინ ჯერ კიდევ ცამეტი წლის ვიყავი. როცა ძირს დამაგდო, ვკითხე: ამას რატომ აკეთებ? შემდეგ კი გაქცევა მოვახერხე."

სამივე მსხვერპლის შემთხვევა სასწავლო აკადემიაში მოხდა, სადაც მათ ლიტურგიულ მსახურებას შეასწავლიდნენ. თავისი ისტორია კიდევ ერთმა მსხვერპლმა გაიხსენა: "როცა 10 ან 11 წლის ვიყავი, თავის ოთახში შემიყვანა, კალთაში ჩამისვა და ინტიმურ ადგილებში ხელებით მეფერებოდა."

სამივე მსხვერპლი ამჟამად 37-დან 40 წლამდე ასაკის კაცია. მათ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ ერთად მოეყოლათ თავიანთი გამოცდილების შესახებ. მათი თქმით, კიდევ ერთ ბიჭს მათზე გაცილებით მძიმე ისტორია გადახდა თავს, თუმცა ის ვერ დაითანხმეს, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა.

ბოლო ათწლეულებია კათოლიკური ეკლესიის შიგნით მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა ვატიკანის კედლებს შიგნით პედოფილიის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ბრალდება პირველად მხოლოდ 2017 წელს გაჟღერდა: იტალიურმა სატელევიზიო გადაცემა Le Iene-მ სპეციალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ვატიკანში არსებულ საეკლესიო სკოლაში.

ბოლო წლებში ასეთი შემთხვევების გახშირების გამო 2019 წლის თებერვალში ვატიკანში გამართულ სამიტზე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა დამნაშავეებმა მკაცრად აგონ პასუხი სამართლის წინაშე.