ქართული ოცნების დეპუტატი და სპორტის კომიტეტის წევრი, ლერი ხაბელოვი უმრავლესობის სხდომაზე მივიდა, თუმცა იქ აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ. მომიტინგეები მის მიმართ სკანდირებდნენ - "მონებო წადით".

დეპუტატმა მისვლისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის, ვინ დაესწრება დღევანდელ უმრავლესობის სხდომას, რადგან აქამდე თავადაც არასდროს დასწრებია:

"რვა წლის განმავლობაში პირველად ვესწრები უმრავლესობის სხდომას. [ახლა] მაინტერესებს და იმიტომ... რაღაც შეხედულებები მქონდა", — უთხრა ხაბელოვმა ჟურნალისტებს.

ლერი ხაბელოვის თქმით, მან მხარი დაუჭირა იმას, რომ 2024 წელს მომხდარიყო საარჩევნო კოდექსის ცვლილება და არა 2020 წელს. შენობაში შესვლამდე აქციის მონაწილეებსა და ლერი ხაბელოვს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მომიტინგეები მას ეკითხებოდნენ, თუ რატომ ჩააგდო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი.

მოჭიდავე ლერი ხაბელოვი ორი მოწვევის პარლამენტარია. 2012 წელს იგი კოალიცია ქართულმა ოცნებამ წარადგინა ქარელის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

დღეს, 16 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის მონაწილეების სტვენისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შორისაა ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. სწორედ ეს პროექტი იყო ბიძინა ივანიშვილის დანაპირები 2019 წლის ივნისის აქციების დროს.