საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იყენებს ყველა ინსტრუმენტს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. მათი თქმით, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უკვე ესაუბრა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

მათივე თქმით, ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ დარსალიამ ეს საკითხი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გააჟღერა.

"ზემოხსენებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები", — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.

ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე-ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა და სწორედ მაშინ დააკავეს.