ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2020 ან 2024 წელს, მთავარია "ქვეყანა ვითარდებოდეს, პენსია რიგდებოდეს და სახელმწიფო ფუნქციონირებდეს". ასე განმარტა მან ის ფაქტი, რომ მინისტრები უმრავლესობასთან ერთად დღს მხოლოდ ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

"ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, მთავარი ამოცანა. პოლიტიკური პერიპეტიები იყო ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში და ალბათ, მომავალშიც იქნება. თუმცა მთავარია, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად, ეფექტურად და დროულად შეასრულოს", — განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.

მან ჟურნალისტებს კითხა, თუ როგორ წარმოუდგენიათ, სხვა რაზე უნდა ფიქრობდეს ფინანსთა მინისტრი, როცა ბიუჯეტის დამტკიცებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტია.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.

ოპოზიცია კი მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაერთიანდა და საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და გარდამავალ მთავრობას ითხოვენ.