ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს. მაშინ, როცა პროექტს 113 ხმას სჭირდებოდა, მან მხოლოდ 101 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. შეუსრულებელი დაპირების გამო მოქალაქეები ისევ ქუჩაში გავიდნენ და პარლამენტის წინ ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ჩაგდებულმა კანონპროექტმა არაერთი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა გზა, რომ მომავალი არჩევნები პროპორციულად ჩატარდეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდეს თქმით, საქართველოს კონსტიტუცია გადასინჯვის ორ პროცედურას ითვალისწინებს. ერთი ვარიანტის შემთხვევაში საჭიროა სულ მცირე 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე შემთხვევაში აუცილებელია მინიმუმ 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

პირველი ვარიანტისთვის საჭიროა ორი მოწვევის პარლამენტის ჩართულობა. მოქმედმა პარლამენტმა კანონპროექტს სამჯერ უნდა დაუჭიროს მხარი, ახალმა მოწვევამ კი ერთხელ. ყველა კენჭისყრაზე კი სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერაა აუციელებელი. ასეთი ვარიანტის შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება, რაც ისედაც გათვალისწინებულია კონსტიტუციით.

მეორე ვარიანტის შემთხვევაში კვორუმი უფრო მაღალია. მოქმედმა პარლამენტმა პროექტს სამჯერ უნდა დაუჭიროს მხარი და ყოველ ჯერზე მინიმუმ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ასეთ დროს პროექტი უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდებოდა.

როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, სხვა ვარიანტი საკონსტიტუციო ცვლილების საპარლამენტო პროცესის ლოგიკას ეწინააღმდეგება.

მენაბდეს თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. მისივე განმარტებით, არის რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ კანონპროექტი თავიდან დაინიცირდეს, დაიწყოს სახალხო განხილვები და საგაზაფხულო სესიაზე კენჭისყრით დასრულდეს. თუმცა ის ვარაუდობს, რომ ქართულ ოცნებაში ამის პოლიტიკური ნება არაა.