ცხრა წლის ბიჭი, ლორენ სიმონსი ჰოლანდიაში, ეინდჰოვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას შეისწავლის.

ცოტა უცნაურად გეჩვენებათ? ასეც არის — ლორენ სიმონსი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ვინც უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს მიიღებს.

ამ გენიოსი ბავშვის მშობლები, ლიდია და ალექსანდრე სიმონსები იხსენებენ, რომ მასწავლებლებმა თავიდანვე შენიშნეს ლორენის განსაკუთრებული ნიჭი: ჯერ კიდევ ძალიან მცირე ასაკში სხვადასხვა სირთულის ამოცანებსა და ტესტებს მეტისმეტად მარტივად ართმევდა თავს.

მშობლებმა დღემდე არ იციან ზუსტად, თუ რატომაა მათი შვილი ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ, როგორც დედა ხუმრობით აღნიშნავს, ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ფეხმძიმობის დროს ბევრ თევზს ვჭამდიო.

ლორენ სიმონსი უნივერსიტეტში სწავლასაც იმაზე მალე ასრულებს, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა სტუდენტები: დეკემბერში მას უკვე ბაკალავრის ხარისხი ექნება. უნივერსიტეტის განცხადებით, ის ყველაზე სწრაფი და ყოჩაღი სტუდენტია, ვისაც კი ოდესმე იქ უსწავლია.

ამ პატარა გენიოსს ელექტროინჟინერიასთან ერთად მედიცინის სფეროც აინტერესებს და როგორც თვითონ ამბობს, მომავალში ამ კუთხითაც სურს ცოდნის გაღრმავება. მანამდე კი აპირებს სადოქტორო პროგრამაზე ჩააბაროს და უკვე არჩევს კიდეც უნივერსიტეტს, სადაც სწავლას გააგრძელებს — მათ შორის კებრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებსაც განიხილავს.

მართალია, ლორენ სიმონსი ნებისმიერი სირთულის ცოდნას უსწრაფესად ითვისებს, მაგრამ მის მშობლებს არ უნდათ, რომ ამ ნიჭის გამო ბავშვობის სილაღე დაკარგოს: "ვცდილობთ, მის ტალანტსა და ბავშვობას შორის ბალანსი დავიჭიროთ."

არ გეგონოთ, რომ ის მხოლოდ ურთულეს ამოცანებს უკირკიტებს. მას ინსტაგრამის საკმაოდ აქტიური ანგარიშიც აქვს, სადაც თავისი ცხოვრებიდან ყოველდღიურ ამბებს უზიარებს სხვებს:

ჰო, ისიც მართალია, რომ ინსტაგრამზეც არ ივიწყებს თავის ჩახლართულ ფორმულებს: