"ვერ ვხედავ ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ისევ იმ უმრავლესობის პირობებში" — განაცხადა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ და უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთდ წავიდნენ კონსერვატიული პარტიის წევრები გიგა ბუკია და ზვიად ძიძიგური.

"იმ უმრავლესობაში, სადაც, როგორც აღმოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა აღმოჩნდა კახა ოქრიაშვილს, იმ უმრავლესობაში მე ვერ ვხედავ ვერანაირ რესურს, დავრჩე და გავაგრძელო მოღვაწეობა", — განაცხადა ბუკიამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.