14 ოქტომბერს ტრანსგენდერ ქალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

მართალია, გამოძიებას ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი არ გაუჟღერებია, თუმცა რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რატომ შეიძლებოდა საღამოს 9 საათზე თავს დასხმოდნენ ტრანსგენდერ ქალს. აღნიშნული შემთხვევა, როცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო თავს ესხმიან ადამიანს, საქართველოს უახლეს წარსულში პირველი არ არის.

2014 წელს პეკინზე საზარელი მკვლელობა მოხდა, ტრანსგენდერი საბი ბ. საკუთარ ბინაში მოკლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოკლულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ისევე როგორც 14 ოქტომბერს დაშავებულ ტრანსგენდერ ქალს. დამნაშავემ, კვალის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელს სახლს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა კვალის დამალვა მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა. პოლიციამ დამნაშავე მეორე დღესვე დააკავა. დაკავებული ლევან კ. სასამართლომ საბი ბ.-ს მკვლელობაში გაამართლა.

ლევან კ.-ს, გარდა საბი ბ.-ს მკვლელობისა, ბრალი ედებოდა ბიანკა შიგუროვას, ასევე ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. სასამართლომ ის ბრალდებულად სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ბიანკა შიგუროვა 2016 წლის თებერვალში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.

ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევა მრავალი იყო და ხშირ შემთხვევაში ის დამალულად რჩება. გადავხედოთ რა მდგომარეობაა ამ კუთხით სხვა ქვეყნებში.

SBS.com-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული ოფიციალური მონაცემებით 2 ათასზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა დაფიქსირდა. მხოლოდ 2016 წელს, სექტემბრის მონაცემებით, ასზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანია მოკლული. ამ მონაცემებს ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია TGEU აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მკვლელობების უმეტესობა ამერიკის კონტინენტზეა მომხდარი. მაგალითად ბრაზილიაში 802 მკვლელობა დაფიქსირდა, მექსიკაში 229, აშშ-ში 132, ვენესუელაში და კოლუმბიაში 98 და 102. მონაცემები სულ 69 ქვეყნის შემთხვევებზეა შეგროვებული.

ამავე ორგანიზაციის თქმით, ტრანსგენდერ ადამიანებზე უამრავი თავდასხმა დამალული რჩება და ასეთ შემთხვევებზე ოფიციალური მონაცემების მოპოვება ჭირს.

ორგანიზაციის კვლევით მტკიცდება, რომ მოკლულთა უმრავლესობა, კერძოდ 65% სექს-მუშაკები იყვნენ.

2016 წლის ზაფხულში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ჰანდერ კადერი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის აქტივისტი იყო, რომლის ცხედარიც სტამბულში აღმოაჩინეს. გამოძიებით დგინდება, რომ მოკლული მძიმედ იყო ნაცემი, შემდეგ კი გაუპატიურებული. მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა მის ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს და ადგილიდან მიიმალნენ.

TGEU-ს მონაცემებით, თურქეთი ევროპაში გამორჩეულია ტრანსგენდერ ადამიანთა მკვლელობების რიცხვით. 2008 წლის შემდეგ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, 48 ტრანსგენდერის მკვლელობა დაფიქსირდა.

მკვლელობა ტრანსფობიის უკიდურესი გამოვლინებაა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მწვავე ფორმების გამოვლინების მსხვერპლები არიან. მათი აზრით, იმ ქვეყნებმა სადაც მკვლელობების დიდი რიცხვი ფიქსირდება, აუცილებლად უნდა მიიღონ ზომები ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.

ასევე იხილეთ: რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი პერსონაჟის გამოჩენა ჩემი ცოლის დაქალებში.