თბილისობას ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი შუმბა ლენდი გაიხსნა. პარკში განთავსებულია ცხოველების და დისნეის ანიმაციური ფილმების გმირების ფორმის სანაგვე ურნები, რომლებსაც ნაგავი პირიდან ეყრებათ.

ურნების განთავსებამ მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ურნები ბავშვებში აგრესიას გამოიწვევს. ამას გარდა, ეს პირდაპირ გამოხატავს მიზეზს, რის გამოც მსოფლიოში ყოველწლიურად იღუპებიან ცხოველები თუ ფრინველები.

მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას არ იზიარებს შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე. მისი თქმით, აღნიშნული ურნები ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად დაიდგა და ეს უცხოეთში დანერგილი პრაქტიკაა:

"მოსახლეობის ვინ ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას? ჩვენ ვისაც შევხვდით, პირიქით, ყველა კმაყოფილი იყო და ბავშვებთან ერთად გვიხდიდნენ მადლობას. არ ვაპირებთ არანაირ გამოცვლას, ეს არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც საქმე არ აქვს. ძალიან ბევრგან მსოფლიოს ქვეყნებსა და ევროპაში, რასაც ედრებიან ყოველთვის, იქაც გამოიყენება ცნობიერების ასამაღლებლად ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვების მასიური თავშეყრის ადგილია. დიდ ბრიტანეთში მაგალითად. მე კი არ ვთვლი ასე, ეს ასეა და საქართველოში ეს ჩვენი ნოუჰაუ არ იყო, კარგი იქნება თუ ნახავენ".

დავით დოლიძე On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, პირადადაც გასცემს პასუხს იმ პრეტენზიას, რომელსაც რაღაც კონკრეტული ჯგუფი გამოთქვამს:

"რაღაც ჯგუფმა გამოხატა პრეტენზია და რა პასუხი უნდა გავცე? ვიცი რა ჯგუფიცაა, თუ ვინმეს დასჭირდება პირადადაც გავცემ პასუხს. ძალიან ბევრი მოვიდა და გვითხრა რომ მოეწონა და იმ ხალხს რა პასუხი უნდა გავცე? იმათთვის ავიღოთ და ამათთვის დავდგათ? ბევრი ისეა, რომ არაფერი არ მოსწონს და რა გავაკეთოთ? რაც მთავარია ბავშვებს მოეწონათ, ვაკის პარკის გარდა კიდევ ბევრგან არის დადგმული".

თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, კომპანიას 10 პარკი აქვს მოვლა-პატრონობაში და იქაც დადგამენ მსგავს ურნებს:

"ისეთ პარკებში სადაც ბავშვების თავშეყრის ადგილია, რა თქმა უნდა დავდგამთ, იმიტომ რომ ყველგან გამოიწვია დადებითი რეაქცია ყველასგან და აუცილებლად გავაკეთებთ".

ურნების შეცვლის მოთხოვნით, ფეისბუკზე ერთგვარი კამპანიაც დაიწყო.