საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში პროპორციული სისტემის კენჭისყრის ჩაგდებას შოთა რუსთაველის აფორიზმით გამოეხმაურა:

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"

როგორც მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, პარლამენტმა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებით ხელისუფლების "უზურპაცია მოახდინა":

"თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად — და ეს სამართლებრივად "გამართული" გადაწყვეტილება იქნება... ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია. გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ. სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან", — წერს სააკაშვილი.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, მობილიზების შემდეგ — 139, მესამე მცდელობაზე — 141. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით.

საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერდნენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, სოფო ქაცარავამ და თამარ ხულორდავამ ქართული ოცნება და დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

გაიგე მეტი: