პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე გააგრძელოს განათლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმები. ასე გამოეხმაურა ის ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას.

გახარია ამბობს, რომ ჩხენკელი ჩართული იყო როგორც განათლების სისტემური რეფორმის მომზადების, ასევე, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ჩხენკელს დაავალა, პროფესიული განათლების მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

"პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ", — მიმართა გახარიამ ჩხენკელს.

13 ნოემბერს განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ ბატიაშვილი გადადგა. ჩხენკელი პირველად თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და ყველაზე მალე, 8 თვეში თანამდებობა დაატოვებინეს.