საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ დაუშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად აგვისტოში დაინიშნა, მანამდე კი ამავე დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში რაკლი ლექვინაძე მუშაობდა.

დაუშვილის ბიოგრაფია

მიხეილ დაუშვილი, 2008-2012 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობდა. მას სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. 2012-2014 წლებში კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით და სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.

2018 წლის მაისიდან აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე. 2017 წლის მაისიდან დეკემბრამდე მას ეკავა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია. ხოლო, 2016-2017 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.

2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ხოლო, 2015 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში.