სამოქალაქო აქტივისტები ქვეყნის სამსახურში საპროტესტო აქციას მართავენ ქართული ოცნების ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ. აქტივისტები ითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი არ ჩააგდოს და თითქმის ხუთი თვის წინ გაცემული პირობა შეასრულოს.

უმრავლესობის სხდომის პარალელურად აქციის მონაწილეებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, თუ პროექტი ჩავარდა დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება.

"დეპუტატებს პარლამენტში ჩვეულებრივად შევუშვებთ, მაგრამ თუ ხელი დაუცდათ და წითელ ღილაკს დაიჭერენ ხელს, პარლამენტის დატოვება ძალიან გაუჭირდებათ. ყველა გასასვლელის პიკეტირებას მოვახდენთ", — განაცხადა მაქარაშვილმა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ქართული ოცნების ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მეორე დღეა განიხილავენ. პარლამენტს პირველი მოსმენით კანონპროექტი ჯერ კიდევ 12 ნოემბერს უნდა მიეღო, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის მოწვევა ითხოვა.

13 ნოემბრის უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ. პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა ისევ გადაიდო და 14 ნოემბერს ისევ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათისთვის არის ჩანიშნული.