თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. იგი სავარაუდოდ, მოკლულის მეგობარი ბექა კვიციანია, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს საქმის გახსნა და დაკავების ფაქტი, თუმცა არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ დაკავებული ბექა კვიციანია. პრესსამსახურის განცხადებით, მისი ვინაობა ოფიციალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისის ზღვაზე ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.