13 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თეთრ სახლში უმასპინძლა. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ეს ლიდერების მეორე შეხვედრაა.

"ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ, თითქმის პირველივე დღიდან. ჩვენ გვესმის ერთმანეთის ქვეყნების, გვესმის საიდან მოვდივართ", — უთხრა ტრამპმა ერდოღანს ოვალურ ოფისში.

შეხვედრის პარალელურად თეთრ სახლთან მომიტინგეები შეიკრიბნენ, რომლებმაც დაგმეს ერდოღანის ვიზიტი შტატებში და ტრამპს ქურთების დაცვისკენ მოუწოდეს.

ტრამპის თქმით, ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსული რაკეტების, S-400-ების შესყიდვა და 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო შეთანხმებაა.

"ჩვენ, ასევე, ვსაუბრობთ სავაჭრო შეთანხმებაზე... გულახდილად რომ გითხრათ, გვსურს, მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ სავაჭრო ურთიერთობები", — თქვა ტრამპმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.

ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.

სამხედრო ინტერვენცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სირიელი ქურთები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ.

თურქული ძალებისგან თავდასაცავად ქურთებმა დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარების განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის პატრულირებს.

16 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც სირიიდან ჯარების გამოყვანა დაგმეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელებმაც.