ქვეყნის სამსახურში მდგომი აქტივისტები ხვალ, 14 ნოემბერს 12 საათზე პარლამენტთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. პარალელურად პარლამენტში დეპუტატები ისევ შეიკრიბებიან და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს უყრიან კენჭს.

"ვერ გადაგვაგდებთ", — ამ მესიჯით გაიმართება კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია, რომლის ადრესატები მმართველი გუნდის დეპუტატები არიან. აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, მათი ბრძოლა არ შეწყდება. მათი თქმით, მთავარი მესიჯი "მშვიდობიანი ბრძოლა" არ შეიცვლება, მაგრამ მათი აქტივიზმი უფრო დისკომფორტის შემქმნელი გახდება.

უკვე მეორე დღეა, რაც პარლამენტთან ისევ ისმის #სირცხვილია, რაც ზაფხულის საპროტესტო აქციების მთავარი მესიჯი იყო. ამის მიზეზი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის შეჩერებაა.

დღეს, 13 ნოემბრის სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს სურვილი უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გამოთქვა და პარლამენტის წევრები დაეთანხმნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. სხდომა ხვალ, 14 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამას ეწინააღმდეგებიან ის დეპუტატებიც, ვინც თვითონ არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. დღეს უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც კანონპროექტს მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.