"ბოლო-ბოლო ეს რეგლამენტი მაინც წავიკითხოთ, რომ ეს მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანილობისთვისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არაა არჩეული", — ეს სიტყვები ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი კანონის წერისთვის არის არჩეული:

"უხერხულია ლაპარაკობდე მესამე წელს, როცა პარლამენტის წევრი ხარ, თურმე რა ეშველებათ, დაიქცევიან რეგიონები და დაიქცევიან რაიონები, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები არ არსებობენ. რას აკეთებენ მაშინ ეს მუნიციპალიტეტები? და რა არის პარლამენტის წევრის როლი?".

ბესელიას უხერხული ეჩვენება ისიც, რომ პროექტის საჭიროებასა და უსაფრთხოებაზე სვამენ კითხვებს ის დეპუტატები, რომლებიც პროექტის ინიციატორები იყვნენ:

"შეუძლებელია არ გვესმოდეს, რომ ამით საკუთარ თავსაც აყენებ შეურაცხყოფას და პარლამენტის წევრის სტატუსსაც".

პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. განხილვა უკვე მიმდინარეობს. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, სადაც ეს საკითხი განიხილეს.

საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერდნენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი კენჭისყრის გადადებას ითხოვდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.

გაიგე მეტი: