12 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. შედეგად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას კომერციალიზაციისთვის მომზადებასა და ტექნოლოგიების გადაცემას.

პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომელთა შესწავლის შედეგად შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები.

2019 წლის აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების მზაობის მე-4 დონეზე (TRL4) და ტექნოლოგიის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დეტალური შესწავლა და მათი ბიზნეს-პოტენციალის შეფასება. შერჩეულ პროექტებზე მომზადდება კომერციალიზაციის გეგმა, რომელზე დაყრდნობით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკთან ერთად უზრუნველყოფს კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების დაფინანსებას; ამას გარდა, მოხდება პოტენციური ბიზნეს-პარტნიორებისთვის პროექტების შეთავაზება ტექნოლოგიის დანერგვის მიზნითა და აღნიშული ტექნოლოგიის ლიცენზირების გზით. 2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეული პროექტებისთვის 1 მილიონ ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.