შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მხრიდან, სახალხო დამცველზე ზემოქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

12 ნოემბერს სანდრო ბრეგაძე ქართული მარშის წევრებთან ერთად სახალხლო დამცველის ოფისში მივიდა. ის დაემუქრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომ მის ოფისში რამდენიმე ათას კაცთან ერთად შევა და "პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს". გარდა ამისა, ბრეგაძე ამბობდა, რომ ლომჯარიას თანამდებობიდან გადააყენებს და ომბუდსმენის ოფისთან აქციებიც დააანონსა.

"მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს აფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე", — განაცხადა ბრეგაძემ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რა სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.