საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორს, ირაკლი კობახიძეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე საუბრისას ერთ-ერთ არგუმენტად "9-წლიანი რეჟიმი" მოჰყავს. სწორედ ამ შინაარსის ტექსტით მიმართა მან თანაგუნდელებს იმ სხდომაზე, სადაც მისივე პარტიიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეტენზიები გაისმა.

"მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე და არაერთხელ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამას აქვს ასევე ერთი ძალიან საინტერესო მიზეზი: ეს არის, კიდევ ერთხელ, 9-წლიანი რეჟიმი. რომ არა ის სისტემა, რომელიც მაშინ იყო ჩამოყალიბებული, მახინჯი კონსტიტუციური სისტემა, თავისი საარჩევნო სისტემით, ეს მახინჯი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა", — თქვა კობახიძემ.

კობახიძეს სჯერა, რომ ის, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა, არ განმეორდება მათი მმართველობის დროს:

"ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული".

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭი დღეს, 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების პრეტენზიების მოსმენის შემდეგ გაისმა უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნის სურვილიც. მოგვიანებით პლენარული სხდომა გადაიდო და უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.