პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია იმართება. აქცია დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. ისინი პარლამენტში კენჭისყრას ელოდებიან.

"განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება! პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!" — ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

"შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!" — აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარებას არ ეთანხმება უმრავლესობის წევრთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ ეს წესი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.