რამდენიმე დღის წინ, როცა ქართული კინოთეატრების წინ ჰომოფობიური განწყობის მქონე ძალადობრივი აქციები იმართებოდა, შსს-მ ფილმში And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნების შესწავლა დაიწყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უწყებამ ამ კინოსურათში მსგავსი საშიშროების შემცველი ელემენტები ვერ აღმოაჩინა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ შსს-ში ფილმის ყურებით მაინც ისიამოვნეს ან მინიმუმ ის მაინც გაიგეს, რომ ორი ბიჭის სიყვარულის ისტორია მაინცდამაინც გარყვნილებასა და ამორალურობას არ ნიშნავს.

ახლა კი კიდევ იმ რვა ქართულ ფილმს დავასახელებთ, რომელშიც შსს-მ პორნოგრაფიის ნიშნები ისეთივე წარმატებით უნდა შეისწავლოს, როგორც And Then We Danced-ის შემთხვევაში:

1. უდიპლომო სასიძო

სანამ რეჟისორ ლევან აკინს შერისხავდნენ ქართულ კინოში ჰომოეროტიკული ელემენტების გამოყენების გამო, მანამდე ჯერ კიდევ სამოცი წლით ადრე გადაიღეს ეროვნული ლაზათიანი მამაპაპური კაცური კოცნა.

2. შერეკილები

დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ყველასთვის ასე მარტივად სანახავი იყოს ფილმი, რომელშიც მარგალიტასნაირი მაცდური ქალის თამამი სცენებია წარმოდგენილი.

3. სიყვარული ყველას უნდა

ამ სცენაში ჯერ კიდევ დაუქორწინებელი წყვილის სექსუალური შინაარსის ქმედების პროპაგანდას ვხვდებით.

4. ნატვრის ხე

აქ საქმე უკვე სასულიერო პირის მრუშობასთან გვაქვს.

5. ცისფერი მთები

ქართულ კინოში ქალისა და მამაკაცის წმინდა ქართული ოჯახის შებილწვის მცდელობასაც ვაწყდებით.

6. ლონდრე

ამ ფილმში ნაჩვენები მამაკაცური სხეულის ამ დოზით სიშიშვლე მისი პორნოგრაფიულობის შესახებ საფუძვლიან ეჭვებს აჩენს.

7. მიდიოდა მატარებელი

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ შემთხვევის შესწავლის გარეშეც ცხადია, რაღაც დაფინანსებულ, გარედან თავსმოხვეულ გარყვნილ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე!

8. თეა

შსს აუცილებლად უნდა დაინტერესდეს თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფიაში ისეთი გავლენიანი რეჟისორი შემოქმედებითაც, როგორიც ერმალო მაღრაძეა.