სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე, რომელსაც გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა, წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ დაუდასტურა.

მან განმარტა, რომ ოჯახთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკება, დაკრძალვის შემდეგ აუგონ წესი მიცვალებულს.

ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭს სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა. მართლმადიდებელმა მღვდლებმა მას წესის აგებაზე უარი უთხრეს. გირჩში ამბობენ, რომ ბიჭის ოჯახს მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურდათ. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე კი On.ge-სთან აცხადებს, რომ ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას აღასრულებს ადამიანისათვის, რომელიც მისი წევრი აღარ არის.

გირჩში აცხადებენ, რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.

"აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს", — აღნიშნავენ გირჩში.