"მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს", — ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ მთავარ არხს განუცხადა. დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას განიხილავენ.

"[მოვედი] იმ საქმისთვის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ ქართულმა ოცნებამ პირდაპირი გაგებით ადამიანებს ხორცი ამოგლიჯა და თვალები დათხარა. მე მგონი, არავის ჰქონდა უფლება, რომ ამ კენჭისყრაზე არ მოსულიყო", — განაცხადა დეპუტატმა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრამდე მმართველი გუნდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ კენჭისყრის გადადება და უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. სხდომის მოწვევაზე მას უარი უთხრეს როგორც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ისე უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. სხდომის მოწვევის ნაცვლად ვოლსკიმ მის ოთახში შეხვედრა შესთავაზა.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი განხილვებს მიზანმიმართულად წელავს. ნიკა მელია კი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამოუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.

გაიგე მეტი: