ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ორი თანამშრომელი დააკავეს, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წელს მაშინდელ კუდში გადაწყვიტეს, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მეთვალყურეობა გაეაქტიურებინათ, რაც მის პოლიტიკურ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა. უწყების განცხადებით, ამავე წლის ივლის-აგვისტოში კუდში დაგეგმეს, რომ ურეკში პატარკაციშვილის სახლი იარაღით ჩაეცხრილათ. როგორც პროკურატურაში ამბობენ, ეს უნდა ყოფილი პატარკაციშვილისთვის გამაფრთხილებელი აქცია და ბიზნესმენის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.

როგორც საგამოძიები უწყება აცხადებს, კუდის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას მოსთხოვეს, რომ პატარკაციშვილის სახლიდან პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა. ჯემალ შამათავამ ე.წ. გამაფრთხილებელი ღონისძიების დაწყებამდე პატარკაციშვილი თავდასხმის შესახებ ტელეფონის მესიჯით გააფრთხილა. პროკურატურის თქმით, ეს კუდის ხელმძღვანელი პირებისთვის გახდა ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ შამათავას დასჯისთვის კუდის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ორგანიზებით მისი უკანონოდ დაკავების გეგმა შემუშავდა, რაშიც დეპარტამენტის სამი თანამშრომლებიც მონაწილეობდა, მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილეც.

"გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს [სამმართველოს უფროსის] ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ.

2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. [სამმართველოს უფროსის მოადგილე] ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "დ" და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კუდის თანამშრომლებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.

რაც შეეხება მეორე მთავარი სამმართველოს უფროსს იგი ნიდერლანდებში დააკავეს და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში.