პარლამენტის პლენალური სხდომა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის დეპუტატები აყენებენ.

მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას აგინა, კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა მის თანამებრძოლ ლევან გოგიჩაიშვილსაც. ის უმრავლესობას ეკითხებოდა რცხვენიათ თუ არა მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის, მოსამართლეთა სიის, აუდიტის დასკვნის და ა.შ.

გოგიჩაიშვილს კობა ლურსმანიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ფაქტებს იგონებდა და თავადაც ამ უმრავლესობის წევრი იყო.

"შენ არ გრცხვენია იმათთან, რომ დგახარ?" — იკითხა ლურსმანიშვილმა და ხელით ოპოზიციის სკამებისკენ ანიშნა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ზის.

"ვინ დგას ბიჭო მაგათ გვერდზე, შენ მართლა ნაძირალავ" — უყვირა მას გოგიჩაიშვილმა და დაამატა, რომ ლურსმანაშვილი "ჩირგვებში ახსოვს".

დეპუტატებს შორის კამათი ამის შემდეგაც გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ, თუმცა უშედეგოდ.

დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი პლენარულ სხდომაზე: