პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა 12 ნოემბრის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს თქვა, რომ როცა უმრავლესობა საზოგადეობრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძეს ირჩევს, პატრიარქის შეურაცხყოფა გასაკვირი არაა. ამით ის ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საპატრიარქოს კრიზისი ოპოზიციას დააბრალეს.

"ვიფიქრებდი, რომ გულწრფელები არიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან საპატრიარქოს დაცვაში, რომ არა ის გარემოება, რომელიც მე მახსოვს", — თქვა გედევან ფოფხაძემ და გააგრძელა იმით, რომ ნინია კაკაბაძის ბორდის წვერად არჩევის შემდეგ მოსალოდნელი იყო პატრიარქის თავდასხმები და შეურაცხყოფები.

გასულ წელს პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

გედევან ფოფხაძე ნინია კაკაბაძის ბორდის წევრად არჩევას ქართული ოცნების რიგებიდან ეწინააღმდეგებოდა. მაშინ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "სალამსაც არ ეტყოდა იმ დეპუტატებს, ვინც ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირეს".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მის ასარჩევად მინიმუმ 51 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.