"წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ფაქტს, რომ მართლმადიდებელი მღვდლები გირჩის მღვდელმსახურს წესს არ უგებენ. მისივე თქმით, წესის აგება "ერთ-ერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის".

"ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო, რადგან "შაბათი შეიქმნა ადამიანთათვის და არა ადამიანი შაბათისათვის!" — "სიკეთის კეთება გვმართებს შაბათ დღეს, თუ ბოროტისა?"

სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ წესებისა და კანონების მოშველიებით ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს

P. S. როცა დედა გარდამეცვალა, მის სასახლესთან სხვადასხვა დენომინაციის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა წაიკითხეს გამოსათხოვარი ლოცვები… ყველა ეს ლოცვა იყო ჩვენი გამხნევება, ჩვენი ნუგეშისცემა და გამოთხოვება… ძალიან ლამაზი და ამაღლებული გამოცდილება იყო ყველასთვის, ვინც ამისი მოწმე გახდა", — წერს გოცირიძე ფეისბუქზე.

ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭს, რომელიც ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური იყო, მართლმადიდებელი მღვდლები წესის აგებაზე უარს ეუბნებიან. გირჩში ამბობენ, რომ ბიჭის ოჯახს მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე კი On.ge-სთან აცხადებს, რომ ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას აღასრულებს ადამიანისათვის, რომელიც მისი წევრი აღარ არის.

"გირჩის ე.წ. სასულიერო პირობა ავტომატურად ნიშნავს, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ დარჩენას", — ამბობს ჯაღმაიძე.

გირჩში აცხადებენ, რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.

"აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს", — აღნიშნავენ გირჩში.

მათივე ცნობით, როდესაც ოჯახმა პირველად მიმართა ადგილობრივ სასულიერო პირს, მათ უთხრეს, რომ "ადამიანებს, ვისაც ბიბლიური თავისუფლების მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება".

გირჩმა რელიგიური მოძრაობა იმისთვის დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ სურდათ ჯარში წასვლა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავი აერიდებინათ. მოქმედი კანონმდებლობით, მღვდელმსახურებს ჯარში არ იწვევენ.