ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. მისივე თქმით, ზელენსკი შეხვედრას დათანხმდა.

"უკვე მივიღე ზელენსკისგან თანხმობა პირად შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტსაც შევატყობინე. ახლა შევხედოთ. თუ მათ ნეიტრალური მოედანი სჭირდებათ, ყაზახეთი შევთავაზე", — ამბობს ნაზარბაევი.

11 ნოემბერს პუტინსა და ნაზარბაევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მათ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი განიხილეს. ოქტომბრის ბოლოს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოკიოში ზელენსკის შეხვდა.

თავის მხრივ კრემლი აცხადებს, რომ წელს შესაძლოა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გერმანიამ, საფრანგეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართონ.