ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭს, რომელიც ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური იყო, მართლმადიდებელი მღვდლები წესის აგებაზე უარს ეუბნებიან. გირჩში ამბობენ, რომ ბიჭის ოჯახს მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე კი On.ge-სთან აცხადებს, რომ ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას აღასრულებს ადამიანისათვის, რომელიც მისი წევრი აღარ არის.

"გირჩის ე.წ. სასულიერო პირობა ავტომატურად ნიშნავს, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ დარჩენას", — ამბობს ჯაღმაიძე.

გირჩში აცხადებენ, რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.

"აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს", — აღნიშნავენ გირჩში.

მათივე ცნობით, როდესაც ოჯახმა პირველად მიმართა ადგილობრივ სასულიერო პირს, მათ უთხრეს, რომ "ადამიანებს, ვისაც ბიბლიური თავისუფლების მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება".

გირჩმა რელიგიური მოძრაობა იმისთვის დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ სურდათ ჯარში წასვლა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავი აერიდებინათ. მოქმედი კანონმდებლობით, მღვდელმსახურებს ჯარში არ იწვევენ.