გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღეში 5 თვე გავა. პროკურატურამ დღეს, 11 ნოემბერს კი ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, დაზარალებულად ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანსაც, თუმცა არა გიორგი სულაშვილს, რომელმაც, მაკო გომურის მსგავსად, თვალი დაკარგა.

"რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

20-21 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალეს. ამ ღამეს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი.