საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის, And Then We Danced-ის ჩვენება დასრულდა. სამი დღის განმავლობაში ყველა სეანსმა ანშლაგით და აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.

თუმცა... ჩვენებას კინოთეატრებთან თავიდან ძალადობრივად, შემდეგ კი ლოცვით აპროტესტებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები. მათ სათავეში ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და გურამ ფალავანდიშვილი ედგნენ. როგორც აღმოჩნდა, მათი დაპირებები თუ თავგანწირვა უმეტესად ყალბი იყო.

გთავაზობთ აქციის ლიდერების სამ გამორჩეულ ტყუილს:

1. "თუ ამ ფილმს მაინც გაუშვებენ, ვეცდებით, დავიძრათ რუსთაველისკენ და არ დავიშალოთ მთავრობის გადადგომამდე"

ეს ტყუილი გურამ ფალავანდიშვილს ეკუთვნის. ფილმი ყველა კინოთეატრში აჩვენეს, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა, მას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია არ გაუმართავს.

2. "ფილმის დასრულების შემდეგ ერთი ბიჭი მეორეს "ცოლობას სთხოვს"

ეს ტყუილი მოწინავე ჰომოფობს, სანდრო ბრეგაძეს ეკუთვნის. ბრეგაძე ირწმუნებოდა, რომ ასე დაკანონდებოდა პირველი ერთნაირსქესიანი სამოქალაქო ქორწინება. ფილმის ჩვენებები დასრულდა, თუმცა, ერთ ბიჭს მეორესთვის ხელი ნამდვილად არ უთხოვია.

3. "საქმეზე მივდივარ, ალბათ, მოვბრუნდები"

ასე გაეპარა ლევან ვასაძე თანამებრძოლებს აქციებიდან, თან ორჯერ. ვასაძე იმდენად იმედგაცრუებული იყო, რომ აქციაზე დარჩენა, ალბათ, მოეხამუშა.

ბონუსი: "შემთხვევითი არაა, რომ And Then We Danced-ს სინოდის სხდომის შემდეგ აჩვენებენ"

არა, ეს სიტყვები არც ლევან ვასაძეს ეკუთვნის, არც სანდრო ბრეგაძეს და არც გურამ ფალავანდიშვილს. ამას საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომელმაც ფილმი გააპროტესტა. საპატრიარქოში მიიჩნიეს, რომ ფილმის ჩვენება სინოდის სხდომის შემდეგ სპეციალურად დაიგეგმა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმის პრემიერა ნოემბერში გაიმართებოდა, სინოდის სხდომამდე 4 დღით ადრე, 27 ოქტომბერს გავრცელდა.