ფრანგმა მსახიობმა, ვალენტინ მონიერმა განაცხადა, რომ ოსკაროსანმა რეჟისორმა, რომან პოლანსკიმ ის 1975 წელს გააუპატიურა.

ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში მსახიობმა გაიხსენა, რომ რეჟისორმა ის შვეცარიის საკურორტო ქალაქში, გშტაადში მაშინ გააუპატიურა, როცა ჯერ კიდევ 18 წლის იყო. ვალენტინ მონიერის თქმით, ის რეჟისორს პირადად არ იცნობდა, თუმცა რაც მაშინ თავს გადახდა, სამუდამოდ დაამახსოვრდა:

"ეს მოგონება არ გამქრალა ჩემი ცხოვრებიდან, პირიქით - მოჩვენებად გადაიქცა, რომელიც მუდმივად თან მდევს."

მონიერმა იცის, რომ დანაშაულის გამო ახლა პოლანსკის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, რადგან საფრანგეთში მსგავს საქმეებს ოცი წლის გასვლის შემდეგ აღარ შეისწავლიან. თუმცა, მას მაინც სურდა ამ საკითხზე საჯაროდ ესაუბრა, რათა ყველას გაეგო მისი შემზარავი გამოცდილების შესახებ. მსახიობის განცხადებით, მან თავის დროზე იმიტომ არ მიმართა სამართალდამცავებს, რომ პოლანსკისნაირი გავლენიანი ადამიანის შეეშინდა.

მონიერის ეს განცხადება 86 წლის რეჟისორის ახალი ფილმის გამოსვლას უკავშირდება, რომლის პრემიერაც საფრანგეთში რამდენიმე დღეში შედგება. An Officer and a Spy - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც პოლანსკიმ ცნობილი ისტორიული მოვლენის, დრეიფუსის საქმის მიხედვით გადაიღო. ფილმა უკვე არაერთი კრიტიკოსის დადებითი შეფასება დაიმსახურა და იმასაც კი აღნიშნავენ, რომ რეჟისორი ახალ ფილმში თავის ბიოგრაფიულ დეტალებს აცოცხლებს და ალეგორიულად დრეიფუსის საქმეს მის წინააღმდეგ გაჩაღებული სამართლებრივი დევნის საილუსტრაციოდ იყენებს.

კადრი პოლანსკის ახალი ფილმიდან An Officer and a Spy.

ფოტო: Gaumont

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლანსკის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ: ყველაზე ცნობილი საქმე 1978 წელს ცამეტი წლის გოგოს გაუპატიურების შემთხვევაა, რის გამოც ამერიკულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და უკვე ათწლეულებია ცნობილი ფილმების, Rosemary’s Baby-სა და Chinatown-ის რეჟისორი სასჯელის არიდების მიზნით აშშ-ში აღარ ჩადის და საფრანგეთში ცხოვრობს. სხვადასხვა დროს ის კიდევ ოთხმა ქალმა დაადანაშაულა იგივე ქმედებაში, რომელთა უმეტესობის განცხადებითაც, როცა მათზე პოლანსკიმ იძალადა, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

მსახიობ ვალენტინ მონიერის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ გულახდილ აღიარებას გამოეხმაურა პოლანსკის ადვოკატი და განაცხადა, რომ რეჟისორი ამ ბრალდებას უარყოფს.