სამოქალაქო აქტივის ანა სუბელიანზე თავდამსხმელს, შალვა შევარდნაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება ტენდენციურია და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ჰომოფობიური ჯგუფის წევრი ანა სუბელიანს თავს 8 ნოემბერს, And Then We Danced-ის სეანსზე შესვლისას დაესხა და თავში მძიმე საგანი ესროლა. აქტივისტის განცხადებით, მას შვიდი ნაკერი დაადეს.

"მიზანმიმართული თავდასხმა იყო, მომვარდნენ მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გავმხდარიყავი, სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე", — აცხადებს აქტივისტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ

8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ 27 პირი დააკავა.

მიუხედავად პროტესტისა ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა. ჰომოფობიური ჯგუფები დღეს, 8 ნოემბერსაც იკრიბებიან.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.