კოალიცია თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 6 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას:

  • "დროულად მოახდინონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება";
  • "დროულად მოახდინონ დამნაშავე პირ(ებ)ის იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება";
  • "საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების პროგრესის თაობაზე";
  • "პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ დაგმონ აღნიშნული ფაქტი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ."

განცხადების თანახმად, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საქმეში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიებას შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს:

"OSCE/ODIHR -ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულში თუ დანაშაულის მსხვერპლი უმცირესობის წარმომადგენელია ან ისტორიულად მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენს, აღნიშნული უკვე საკმარისია, რათა სამართალდამცავმა ორგანომ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივზე გამოძიება დაიწყოს. ამასთან, ძალადობრივ დანაშაულებში, როდესაც სხვა უფრო აშკარა მოტივის იდენტიფიცირება პირველად ეტაპზე ვერ ხერხდება და როდესაც მსხვერპლისა და სავარაუდო დამნაშავეს განსხვავებული იდენტობა აქვთ, დანაშაულის სიმძიმე და მისი სისასტიკე, წარმოადგენს ძლიერ ინდიკატორს, იმის მისანიშნებლად, რომ დანაშაული შეუწყნარებლობის მოტივით იქნა ჩადენილი."

განცხადების თანახმად, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტურმა პოლიტიკამ და მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებმა საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია. ამიტომ კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს შსს-ს, დააფიქსიროს მყარი პოზიცია, რომ სიძულვილის მოტივით და თანასწორობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს სახელმწიფო სრული სიმკაცრით ებრძვის.

არასამთავრობოების აზრით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულებამ და პოზიციებმა გააუარესა ლგბტ ადამიანების მდგომარეობა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება:

"წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულმა სიძულვილის ენამ, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში მორალური პანიკის წარმოებისა და ლგბტ პირთა პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას (ამ კუთხით, ხაზი უნდა გაესვას ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაყენებულ ინციატივას), ხელი შეუწყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების გაუარესებას, რომელიც ძალადობასა და დისკრიმინაციულ პრაქტიკაში გამოიხატა."

კოალიცია თანასწორობისთვის შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგება:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF);
  • იდენტობა;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • კავშირი საფარი