Coco გახსოვთ?

თუმცა, თუ ანიმაციური ფილმების ყურება მხოლოდ პატარა ბავშვების საქმე არ გგონიათ, მაშინ ეს კითხვაც უადგილოა, რადგან თითქმის შეუძლებელია ამ მულტფილმის შესახებ არაფერი გსმენოდეთ: Pixar-სა და Walt Disney-ს საერთო პროდუქტი 2017 წლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

კოკო იმდენად სევდიანი და ჯადოსნური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომ მილიონობით მაყურებელთან ერთად მან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დაჯილდოების ჟიურის წევრების გულიც მოიგო, მათ შორის ოსკარიც გადაეცა წლის საუკეთესო ანიმაციის ნომინაციაში.

ნუთუ Pixar ისევ აპირებს, რომ ეკრანების წინ გვატიროს?

სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ ახალი პროექტის ტრეილერი გაავრცელა, რომელიც მაყურებლებს უკვე აძლევს იმედს, რომ კიდევ ერთ დაუვიწყარ, სევდიან და მაგიურ თავგადასავალში იმოგზაურებენ.

Soul - ასე ჰქვია ახალ ანიმაციურ ფილმს, რომელიც სკოლის მასწავლებლის, ჯო გარდენის შესახებ მოგვითხრობს. ჯოს ძალიან უნდა ჯაზის ვარსკვლავი გახდეს, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ყველაფერი დრამატულად შეიცვლება.

ეს იქნება Pixar-ის პირველი ანიმაცია, რომელშიც მთავარი გმირი შავკანიანია.

Soul-ის შემქმნელი ოსკაროსანი რეჟისორი პიტ დოქტერია, რომელსაც მანამდე უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა Monsters, Inc. (2001), Up (2009) და Inside Out.

ახალი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 19 ივნისს შედგება.