მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მღვდელმა სექსუალურად შეავიწროვა, მან სასულიერო პირებს მიმართა. წამყვანმა აღნიშნა, რომ როდესაც ეკლესიაში მუდმივად ხდება სექსუალური შევიწროება სასულიერო პირები სხვების "სიწმინდის" დაცვით არიან დაკავებული.

"მაპატიეთ, მამაოებო და მეუფეებო, მაგრამ სხვის საცვლებში ყურებას არ გირჩევნიათ თქვენი კაბების ქვეშ შეიხედოთ რა ხდება? ყოველდღე, რომ ახალ-ახალ ამბებს ვიგებთ სასულიერო პირების ჰომოსექსუალური პრაქტიკის შესახებ. თქვენივე ეკლესიის და მრევლის წარმომავლობის მთლად ეკლესიის მამათმავალს აცხადებენ მამამთავრად, თქვენ კიდე ამ დროს ეკრანზე მსახიობებს დასდევთ.

მიხედეთ თქვენს საქმეებს, თქვენთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ცოტა ნამდვილად არ გაქვთ. იქადაგეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ ეკლესიებში, თქვენ ხომ ტაძრებში არავინ გივარდებათ და ტაძრისკენ მისასვლელ გზას არავინ გიღობავთ.

ამიტომ, თქვენს მეგობარ ნაცისტებთან და ფაშისტებთან ერთად ნუ ჩაუხერგავთ ადამიანებს კინოთეატრებისკენ, რომელიმე მოედნისკენ მისასვლელ გზას. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, თორემ ლაპარაკს და ლოცვას ვერავინ აგიკრძალავთ, ისევე, როგორც თქვენც ვერ აგვიკრძალავთ იმის თქმას, რასაც ვფიქრობთ.

თუმცა, ბოლო დროს საკუთარ თავზე სალაპრაკოც და სალოცავიც უფრო მეტი გაქვთ, ვიდრე სხვებზე", — განაცხადა წამყვანმა.

მანამდე წამყვანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეავიწროა წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელმა. ის არ ამხელს თუ სად მოხდა შემთხვევა და ვინ იყო ის სასულიერო პირი. ამის შესახებ მან პოსტფაქტუმის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ამ ისტორიის მოსაყოლად წამყვანმა მთავარი არხის ფეისბუქგვერდზე ლაივი ჩართო. როგორც მან აღნიშნა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებამ გამოწვევის ფორმა მიიღო, რადგან ბევრი სასულიერო პირი ალაპარაკდა, ამიტომ გადაწყვიტა თავადაც ჩაერთოს ამ "გამოწვევაში".