ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის არ ამხელს თუ სად მოხდა შემთხვევა და ვინ იყო ის სასულიერო პირი. ამის შესახებ მან პოსტფაქტუმის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"გადავწყვიტე მეც მივიღო ამ გამოწვევაში მონაწილეობა. ამას ნამდვილი ფეისბუქგამოწვევის სახე რომ ჰქონდეს, ჩავრთავ ახლა ლაივს მთვარი არხის ფეისბუქგვერდზე...

ეს ხდება წლების წინ, ძალიან-ძალიან ბევრი წლის წინ. არ დავაკონკრეტებ არც ადგილს, არც დროს. ბევრად უფრო პატარა ვიყავი, პირტიტველი ჭაბუკი, ფაქტობრივად.

შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეს შემიძლია ვთქვა. პირველად ვარ ეკლესიაში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც.

დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი იყო. ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ დავიხედე და წინ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენი ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას მეთქი. თან ხალხში ვართ, რა უნდა მეთქვა.

ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, აი, ესე", — განაცხადა მან.

მისი თქმით, დაიბნა და არ იცოდა რა უნდა ექნა. ამბობს, რომ არც სკანდალის ატეხვაზე უფიქრია. მისივე თქმით, მღვდელმა საკურთხეველში შესვლა შესთავაზა და ისიც დათანხმდა, რადგან საკურთხევლის ნახვის შანსი სხვა დროს არ ექნებოდა.

"შევედით საკურთხეველშ და საკურთხეველში განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება...

მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე რა, მოუსვი ხელი ამ ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო. მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში ჩემი ერთი ადგილი.

სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუეობოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან ტაძრის საკურთხეველში", — აცხადებს ის.

მისი თქმით, მღვდელმა სამკრელოს დათვალიერებაც შესთავაზა. წამყვანი ვარაუდობს, რომ ის "თავის სამრეკლოსაც" გულისხმობდა, რაზეც მან უარი უთხრა და ტაძარი დატოვა.

მისივე თქმით, ეკლესიიდან გამოსვლისას უკან მიიხედა და დაინახა, რომ სასულიერო პირს კიდევ ერთი ბიჭი ჰყავდა ნაპოვნი, რომელსაც "იგივე გზას ატარებდა".

"წარმოიდგინეთ, მე თუ ნახევარ საათში ორის მომსწრე გავხდი, წლების განმავლობაში ამ მღვდელს რამდენი ბიჭი ჰყავს ასე შეყვანილი იმ საკურთხეველში და რამდენი ჰყავს სამკრელოზე აყვანილი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", — აღნიშნა მან.

წამყვანის თქმით, თვითონ ამ საკითხზე ირონიით საუბრობს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს სერიოზული ტრავმაა. მისივე თქმით, ასეთი მოვლენების ფონზე სასულიერო პირები პარაკლისებს აღავლენენ ფილმის ჩვენების წინააღდეგ ან უფრო რადიკალურად ტაბურეტით დასდევენ ხალხს.

ამ ისტორიის მოსაყოლად წამყვანმა მთავარი არხის ფეისბუქგვერდზე ლაივი ჩართო. როგორც მან აღნიშნა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებამ გამოწვევის ფორმა მიიღო, რადგან ბევრი სასულიერო პირი ალაპარაკდა, ამიტომ გადაწყვიტა თავადაც ჩაერთოს ამ "გამოწვევაში".

მასალა განახლდება