"უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო: "ამას რას უყურებთ, ხალხო!" - ასე გულახდილად გაგვანდო თავისი, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო გეგმა ძალადობრივი აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც 8, 9 და 10 ნოემბერს ქართულ კინოთეატრებში ფილმის, And Then We Danced-ის ჩვენებების ჩაშლა სურდა.

რატომ შეიძლება გაწუხებდეს ასე ძალიან, თუ რას უყურებენ ადამიანები კინოში? რატომ გვკლავს იმის ინტერესი, თუ რომელი ფილმები მოსწონთ სხვებს, რას კითხულობენ, რას ჭამენ, სად დადიან გასართობად, ვისთან ერთად არიან, რა აცვიათ, როგორ ცხოვრობენ, ვის კოცნიან? თითქოს, საყოველთაო ვუაიერიზმით ვართ შეპყრობილი და უსაზღვრო სექსუალურ სიამოვნებას გვანიჭებს სხვების ცხოვრების კულისებში დაუკითხავად შეხედვა, ოღონდ ამ აქტისთვის დაუცხრომელი ვნების მისანიჭებლად კიდევ უფრო მეტი მონდომებით უნდა დავგმოთ, შევიზიზღოთ და უარვყოთ სწორედ ის, რითიც შეპყრობილი ვართ თხემით ტერფამდე - სხვების ცხოვრება, რომელიც ჩვენთვის ჩვეული კალაპოტიდან დამოუკიდებლად მიედინება.

რეალურ ცხოვრებაში სხვების შეურაცხყოფისა და პირადი თავისუფლების საზღვარს მიღმა გადასვლის ნაცვლად კაცობრიობამ, ალბათ, იმიტომაც შექმნა ხელოვნება, განსაკუთრებით კი ლიტერატურა, კინო და თეატრი, რომ გვენახა, მოგვესმინა და გვეგრძნო ის, რასაც სხვანაირად ვერ მოვახერხებდით: როგორია ცხოვრება დედამიწის იმ კუთხეში, სადაც ფიზიკურად სიცოცხლის ბოლომდე ვერ აღმოვჩნდებით; რას გრძნობს შეყვარებული ადამიანი, როცა ჩვენ ჯერ არავინ გვყვარებია; როგორია იმ ადამიანის ტყავში ცხოვრება, რომელიც ჩვენგან თუნდაც მცირედით განსხვავდება; რა მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაბადებულებიც კი არ ვიყავით და ასე დაუსრულებლად.

სწორედ ასე გააცოცხლა წიგნის ფურცლებზე თანამედროვე ქართველმა მწერალმა, დათო გაბუნიამ პერსონაჟი, რომელიც ხელოვნების საშუალებით კი არ ცდილობს კითხვებზე პასუხები იპოვოს ან უბრალოდ მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეს და გამოგონილი გმირების (თუმცა ხანდახან ხელშესახებად რეალურების) ისტორიებზე თვალის მიდევნებით გადააყოლოს გული, არამედ მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები მეზობლის თვალთვალს იწყებს მოურიდებლად.

ფოტო: Alex Schoelcher

დაშლა - ასე ჰქვია რომანს, რომლის მთავარ გმირს, ზურას უმუშევრობის მოწყენილობა და ზაფხულის ხვატი ერთდროულად უხუთავს სულს. მისი ყოველდღიურობა იმდენად ერთფეროვანი და მოულოდნელობებისგან დაცლილია, რომ მოპირდაპირე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზე დაკვირვება მის ისეთ საყვარელ საქმიანობად გადაიქცევა, როგორც გაუთავებელი შრომით დაღლილი დიასახლისისთვისაა საღამოს ხელსაქმესთან ერთად ჩამოჯდომა და ტელევიზორის ეკრანის საშუალებით დაუოკებელი ვნებით სავსე საპნის ოპერების სამყაროში გადასახლება.

ზურას თავიდან შემთხვევით გაეპარება თვალი მეზობელი კორპუსისკენ, თუმცა შემდეგ ეს პროცესი მას ისეთივე სიამოვნებას მიანიჭებს, როგორც ადამიანების ნაწილს სიამოვნებს მოედანზე გამართული სპორტული მატჩების ყურება, ინტერნეტში აურაცხელი რაოდენობის პორნომასალების თვალიერება თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა კერძის მომზადების მადის აღმძვრელი ვიდეოებით შიმშილის მოკვლა. ოღონდ ზურას შემთხვევაში ერთი რამაა ყველაზე საგულისხმო: მას ზარავს, აშფოთებს და გულს ურევს ის, რასაც აივანზე მოკალათებული მოპირდაპირე ბინის ფანჯრებს მიღმა ხედავს - როგორ მოდის ახალგაზრდა ბიჭთან უცნობი ასაკოვანი კაცი სტუმრად და შემდეგ ისინი ისეთი გაუმაძღარი სექსით კავდებიან, როგორიც მის ცხოვრებაში ბოლოს როდის იყო, აღარ ახსოვს.

იმ ავტომატური, რეფლექსური სიძულვილის მიუხედავად, რომელიც ზურას მოპირდაპირე ბინაში დატრიალებული ამბების მიმართ აქვს, მისი ზიზღი ბოლოსკენ უფრო მეტად გარდაისახება ვნებად, წადილად, რომელსაც სახელს თავადაც ვერ არქმევს. არადა მსგავს რამეს ხომ ამ ტიპის პიროვნებისგან არ მოველით? ჩვენ ხომ ხშირად ადამიანებს მხოლოდ "ბნელებად" ან "ფერადებად" ვაკლასიფიცირებთ, რომელთა აღსაწერად უცვლელი, მყარი ნიშან-თვისებები გვაქვს შერჩეული და მათ შეცვლის, გადასხვაფერების შანსი წართმეული აქვთ.

ფოტო: Alex Schoelcher

მიუხედავად იმისა, რომ თვალთვალის გამო ზურა თავიდანვე ანტიპათიას იწვევს მკითხველებში, მაინც საკამათოა მისი დახასიათება იმ შეფასების სქემით, რომელიც მხოლოდ ორ პოლუსს - კარგსა და ცუდს მოიცავს. რომ დაფიქრდე, ზურა სულაც არ არის ცუდი ადამიანი: მზრუნველი მამაა, ცოლიც უყვარს, უბრალოდ ვერ ხვდება, რომ ყველაფერი თავზე ენგრევა: მაშინ, როცა მისი პირადი ცხოვრება ნაწილ-ნაწილ იშლება, მას მზერა საკუთარის ნაცვლად სხვისი ცხოვრებისკენ აქვს მიმართული. ეს ერთგვარ თავის მოტყუებას ემსგავსება, როცა არ გყოფნის ძალა, რომ საკუთარ თავს სარკის წინ თვალებში ჩახედო. და ეს შიში იმდენად დიდია, რომ სააბაზანოს განათების სიკაშკაშეც კი გზარავს იქ დაკიდებული უზარმაზარი სარკის გამო.

ამ რომანში ზურას გარდა კიდევ შეხვდებით ასევე სხვა ძალიან საინტერესო პერსონაჟებს ჩვენი რეალობისთვის კარგად ნაცნობი ცხოვრების დეტალებით, პრობლემებითა თუ ტრაგიკული დასასრულით. თანაც მწერალი დავით გაბუნია თითოეულ გმირს მისთვის დამხასიათებელი ენით ისე ოსტატურად ამეტყველებს, რომ მათი ხმები ავტორისგან სრულიად დისტანცირებულია. უბრალოდ ამჯერად მინდოდა ზურაზე მესაუბრა, გმირზე, რომლის პროტოტიპიც, იქნებ, ცოტა ხნის წინ კინოთეატრ ამირანის წინაც იდგა და სხვებს ისე უწუნებდა მორალს, კულტურასა და ადამიანობას იმ ფილმის ყურების გამო, რომელიც თავად არ უნახავს და რომ ენახა, იქნებ, მოსწონებოდა კიდეც.

2017 წელს გამოქვეყნებული ამ წიგნის ერთსიტყვიანი სათაური ზუსტად აღწერს იმას, თუ რა ხდება მასში: პერსონაჟები, მათი პირადი ცხოვრება, ოჯახი, სიყვარული, კარიერა, სიცოცხლე, ქალაქი და ქვეყანა გახრწნილი გვამივით ნელა და უწყვეტად იშლება. მართალია, წიგნში აღწერილი სიუჟეტი 2012 წელს ვითარდება, თუმცა, ალბათ, მინიმუმ ბოლო სამი ათწლეულია ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი შეუჩერებლივ მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენი მზერა უკიდურესი სიღარიბის, ოკუპაციის, მაღალჩინოსნების ყალთაბანდობის, ფემიციდის, უმუშევრობის, არაადამიანური სამუშაო პირობებისა თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ნაცვლად ისეთი ყოვლად უმნიშვნელო თემებისკენ გვაქვს მიმართული, თუ რა ფილმს უყურებს ხალხი კინოში ან ვინ არის კონკრეტული ადამიანების სიყვარულის ობიექტი.

იქნებ, ასე იმიტომ ხდება, რომ მეტისმეტად გვაშინებს ჩვენი მხედველობის ფოკუსის გასწორება, რათა არ დავინახოთ, თუ რამდენად დაშლილია ის მთლიანი სხეული, რომელშიც ყველა ერთად თანავცხოვრობთ.