საქართველოს მთავარი პროკურატურა ორ წელზე მეტია იძიებს ფონდ იავნანადან ფული გაფლანგვის საქმეს, თუმცა ამ დრომდე ვერც ბრალდებული დაადგინა და ვერც დაზარალებული. ამ შინაარსის პასუხი ფონდმა პროკურატურიდან მიმდინარე საქმეზე ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ მიიღო.

"მეგობრებო, ამიხსენით, თუკი ამ ხნის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, აწი საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი იავნანა ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული დაისჯება საჯაროდ", — წერს ფონდის დამფუძნებელი ფეისბუქზე და მიღებულ წერილს ასაჯაროებს.

პროკურატურის მიერ იავნანას საქმეზე გამოძიების დაწყება დროში დაემთხვა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ აქტივობას. საქველმოქმედო ორაგანიზაციის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას ახალგაზრდა ადვოკატებმა მიმართეს. ბურჭულაძემ მაშინ გამოძიების დაწყება თავის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.