ტურისტული კომპანია ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერებს, ლევან ვასაძეს, სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს უფასო ბილეთებს სთავაზობს ნებისმიერი მიმართულებით, თუ ისინი ქვეყნიდან წასვლას დათანხმდებიან.

"თვეები, სულაც წლები ან დეკადები! როდესაც გნებავთ, რამდენ თანამოაზრესთან ერთადაც გნებავთ. ოღონდ გვითხარით, ოღონდ მოგვწერეთ, ჩაგვჩურჩულეთ და ჩვენ დაგპატიჟებთ, ჩვენი ჯიბიდან გადავიხდით", — წერია Go Egypt-ის ფეისბუქგვერდზე.

ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ეგვიპტის მიმართულებაზე მუშაობენ, მაგრამ "შეუძლებელსაც შეძლებენ" მათ გასაშვებად და იმ "დიად დღეს", როცა ქვეყანას დატოვებენ, უქმედ გამოაცხადებენ.

ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ

8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი თბილისი გალერიაში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ 27 პირი დააკავა.

მიუხედავად პროტესტისა, ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არა ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. ფილმის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.