გუშინდელი, 8 ნოემბრის, უშედეგო მცდელობის შემდეგ ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმ And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლის ახალი gეგმა შეიმუშავა. ამჯერად ის "შტეფცელიდან" დენის გათიშვის ნაცვლად, დარბაზში შუქის ანთებას აპირებს.

ფალავანდიშვილის თქმით, "გაწევ-გამოწევა" აღარ იქნება, რადგან ჯოხების გარეშე დარბაზში ვერ შევლენ. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ აღარ მოუწოდეს მხარდამჭერებს შეკრებისკენ, მაგრამ, ის იტოვებს იმედს, რომ პოლიცია წავა და დარბაზში შესვლას მაინც მოახერხებს. სეანსის ჩასაშლელად კი ის აპირებს:

"უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო: "ამას რას უყურებთ, ხალხო!" და ასეთი შეძახილებით გავაჩერო".

აქამდე ფალავანდიშვილის გეგმა თავში ჯოხის მოხვედრას და ბრძოლით დარბაზში შეჭრას ითვალისწინებდა.

"მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და "შტეფცელიდან" ვრთავ დენს", — ამბობდა ის 8 ნოემბერს.

მსგავსი გეგმა ჰქონდა ჰომოფობიური ჯგუფის სხვა ლიდერ ლევან ვასაძესაც. ის პოლიციის კორდონის გარღვევას, საოპერატოროში შესვლას და ფილმის გათიშვას აპირებდა.

ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ

8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ 27 პირი დააკავა.

მიუხედავად პროტესტისა ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა. ჰომოფობიური ჯგუფები დღეს, 8 ნოემბერსაც იკრიბებიან.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.