ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი ლევან ვასაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს და აღარ აქვს უფლება იყოს "ქვეყნის მმართველი. მისი თქმით, ივანიშვილმა გადაკვეთა "შეუქცევადი საკრალური ხაზი".

"მისი მმართველობის დროს ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ეს ზარალად არ გადაიქცა ჩვენი ერის რეაქციის გამო, მაგრამ ჩემი აზრით ბიძინას არ აქვს უფლება იყოს საქართველოს მმართველი", — განაცხადა მან.

ვერის ბაღში ჰომოფობიური ჯგუფები არიან შეკრებილი და დღეს, 9 ნოემბერს ჩანიშნული სეანსის ჩაშლას გეგმავენ. იგივე მოტივით იყვნენ ისინი შეკრებილი გუშინაც, თუმცა საქართველოს მასშტაბით ფილმ And Then We Danced-ის ყველა სეანსი ჩატარდა.

ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ

8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ 27 პირი დააკავა.

მიუხედავად პროტესტისა ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა. ჰომოფობიური ჯგუფები დღეს, 8 ნოემბერსაც იკრიბებიან.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.