თბილისში Startup Grind-ის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს. კონფერენციას ესწრებიან, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

ფოტო: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა სილიკონ ველისა (8 000 დელეგატი) და ლონდონის (3 000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები არიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობს.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: startupgrind.ge